17 October 2022

8.0 ისლამის მომშლელების რაოდენობა - პირველი პუნქტი

 ისლამის მომშლელები ათია. ანუ შეიხმა, ალლაჰის წინაშე მიღებული ერთადერთი ერთღმერთიანობის რელიგიიდან - ისლამიდან გამყვანი და ურწმუნოდ გარდამქმნელი ქმედებები ათ ნაწილად ჩამოაყალიბა. ეს ათი რამ ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე გავრცელებულია, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ისლამიდან გამყვანი ქმედებები ათის მეტი არ არის.

პირველი პუნქტი

·               ღვთისმსახურებებში ალლაჰზე თანაზიარის დადგენა.

ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

„4/48. უეჭველად, ალლაჰი არ მიუტევებს იმას, რომ მას თანაზიარი დაუდგინონ, და მიუტევებს ამის გარდა ყველაფერს, ვისაც ინებებს.“

„5/72... უეჭველად, ვინც ალლაჰს თანაზიარს დაუდგენს, იმას აუკრძალა ალლაჰმა სამოთხე და მისი თავშესაფარი ცეცხლია. და არ ეყოლებათ უსამართლოებს შემწეები.“

ასევე, შირქ ქმედებებს მიეკუთვნება ალლაჰის გარდა სხვის სახელზე, ჯინებისთვისა და საფლავებისთვის შეწირული საკლავიც.

ü   განმარტება:

‘იბადეთისა და შირქის განმარტება

სიტყვა „’იბადეთი“ ნიშნავს მორჩილებას. ისლამურ ტერმინოლოგიაში კი, მისი მნიშვნელობა შემდეგია: „ალლაჰის ბრძანებების შესრულებისა და აკრძალვებისგან შორს ყოფნის ფორმით მასზე (ალლაჰზე) სიყვარულითა და მოწიწებით დამორჩილება.“

შეიხუ’ლ ისლამ იბნ თაიმიიამ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „სიტყვა ‘იბადეთი არის სახელი, რომელიც მოიცავს ყველა იმ სიტყვასა და საქმეს, რომელიც ალლაჰის მიერ მოწონებულია.“[1]

სიტყვა „შირქი“ ნიშნავს მონაწილეობას. ისლამურ ტერმინოლოგიაში კი, მისი მნიშვნელობა შემდეგია: „ალლაჰზე თანაზიარის დადგენა რუბუბიეთ, ულუჰიეთ და სახელ-თვისებებში.“

შირქის შემსრულებელს მუშრიქი ეწოდება. შირქის საპირისპირო კი, თავჰიდია. თავჰიდი კი, ალლაჰის ერთობისა და ერთადერთობის აღიარებაა.

შეიხ აბდურრაჰმან ბინ ჰასენმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „შირქი არის სამყაროთა ღმერთის, ალლაჰის არასრულფასოვნად მიჩნევა, მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის კუთვნილი უფლებისა და გავლენის სხვაზე მიკუთვნება და ალლაჰის მიერ ნაჩვენები გზიდან გადახვევა. ალლაჰი ბრძანებს: ‘6 სურა ან’ამ/1. ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც შექმნა ცანი და დედამიწა, და დაადგინა სიბნელე და სინათლე. შემდეგ კი, ვინც არიან ურწმუნონი, უტოლებენ თავიანთ ღმერთს.“ შირქი როგორც მბრძანებლობაში, ასევე, შექმნაშიც ალლაჰზე თანაზიარის დადგენაა. ალლაჰის წინაშე დიდი სიჯიუტე და მორჩილებისადმი სიამაყეა. მასზე დაუმორჩილებლობა და მისი ბრძანებების არ შესრულებაა, მაშინ, როდესაც სამყაროს ბალანსი ალლაჰის ბრძანებებზეა დაკავშირებული. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას) ბრძანა: ‘ყიამეთი[2] არ მოხდება მანამ, სანამ დედამიწაზე ალლაჰის სახელის მხსენებლი დარჩება.’[3] შირქი არის ქმნილების შემქმნელზე მიმსგავსება, როგორიცაა სარგებლისა და ზიანის მოტანაში და მსგავს, მხოლოდ და მხოლოდ შემქმნელის კუთვნილი ნიშან-თვისებების მქნილებაზე მიკუთვნება. ალლაჰი ბრძანებს, რომ ვედრება, შიში, იმედის ქონა, მინდობა და მსგავსი ღვთისმსახურებები მხოლოდ და მხოლოდ მის მიმართ შევასრულოთ. ის, ვინც ჩამოთვლილთაგან რომელიმეს ალლაჰის გარდა სხვას მიუძღვნის, ნიშნავს იმას, რომ მან ის ალლაჰს დაამსგავსა და თანაზიარი დაუდგინა ისეთი ვინმე, ვისაც არ ძალუძს ზიანისა და სარგებლის მოტანა, მოკვდინება, გაცოცხლება და ა.შ.

ქება-დიდება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. შექმნა მისი საქმეა. მთელი ქონება მისია. ყოველი საქმე საბოლოოდ მას უბრუნდება. ყოველი სიკეთე მის ხელშია. ყოველი საქმის განმკარგველი ის არის. მოხდება ის, რაც ალლაჰს სურს და არ მოხდება ის, რაც მას არ სურს. არ არსებობს ძალა, რომელიც ალლაჰს დააბრკოლებს. ალლაჰი ვინმესთვის მოწყალების კარებს თუ გახსნის, მაშინ მისი დამაბრკოლებელი არავინ იქნება. ის ‘აზიზ[4]-ი და ჰაქიმ[5]-ია. თანაზიარის დადგენა არის ისეთი ვინმეს ძლევამოსილ ალლაჰზე მიმსგავსება, რომელიც ღარიბი და უსუსურია...“[6]

როგორც ხედავთ, ალლაჰის ერთობა რუბუბიეთ, ულუჰიეთ და სახელ-თვისებებში არის თავჰიდი. ხოლო, ამავე თვისებებში თანაზიარისა და თანატოლის დადგენა კი, შირქი. აქედან გამომდინარე, ისლამიდან გამყვანი შირქი და თავჰიდი ერთად ვერ იარსებებს. გონიერთათვის ჭეშმარიტებაა ის, რომ ორი ურთიერთსაპირისპირო რამ ერთად ვერ იარსებებს. თუმცა, შესაძლებელია, რომ ალლაჰის რწმენასთან ერთად შირქიც არსებობდეს. ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

„12/106. მათგან უმეტესი ისე არ ირწმუნებს ალლაჰს, თუკი მას თანაზიარს არ დაუდგენენ.“

იმამ იბნ ყაიიმ-ი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) აიათის შესახებ ამბობს: „ალლაჰი გვამცნობს, რომ მათში შირქთან ერთად რაღაც რწმენაც მოიძებნება.“[7]

როგორც ხედავთ, შირქი აუქმებს თავჰიდს მიუხედავად იმისა, ალლაჰის რწმენას რომც ჰქონდეს ადგილი. შირქი რუბუბიეთში, ულუჰიეთში, თუ ალლაჰის სახელ-თვისებებში შესრულდება, მნიშვნელობა არ აქვს.

რუბუბიეთში შირქი გულისხმობს ალლაჰზე თანაზიარის დადგენას მის კუთვნილ ნიშან-თვისებებში, როგორიცაა: შექმნა, ცხოვრება, სარჩოს მიცემა, მართვა, ხელმძღვანელობა, კანონის გამოცემა, დახმარება, ჭეშმარიტ გზაზე დაყენება და სხვა. მსგავსია იმის თქმა, რომ სამყაროთა განგება ან ბრძანებებისა და აკრძალვების გამოცემა სხვას შეუძლია.

ულუჰიეთში შირქი გულისხმობს ალლაჰზე თანაზიარის დადგენას გარე ღვთისმსახურებებში, როგორიცაა სეჯდეს შესრულება და ყურბნის შეწირვა, ან გულის ღვთისმსახურებებში, როგორიცაა ვედრება და შეკედლება... მოკლედ, რომელიმე ღვთისმსახურების ფორმაში ალლაჰზე თანაზიარის დადგენა.

შეიხ სანანიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ულუჰიეთ თავჰიდის მნიშვნელობა შემდეგია: ღვთისმსახურების ყველა ფორმაში ალლაჰის ერთობა...“[8]

სახელ-თვისებებში შირქი კი, გულისხმობს ალლაჰის სახელ-თვისებების არ აღიარებას. ასევე, დაჯერება იმისა, რომ ალლაჰის რომელიმე სახელ-თვისებას სხვაც ფლობს აბსოლუტურ ფორმაში ან ალლაჰზე გაჩენილთა თვისებების მიკუთვნება, როგორიცაა ხელმომჭირნეობა და ძილი.

იმამ იბნ აბი’ლ-იზზმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ალლაჰის კუთვნილი სახელ-თვისებების ხსენების დროს არ უნდა მოხდეს ქმნილებებზე მიმსგავსება. ვინაიდან, მისი მსგავსი არაფერი და არავინ არის. ის, ვინც ალლაჰს ქმნილებას მიამსგავსებს, ქააფირი გახდება. იმამ ბუხარის მასწავლებელმა, ნუაიმ ბინ ჰამმადმა თქვა, რომ ალლაჰის ქმნილებაზე მიმსგავსებელი ქააფირი გახდება.“[9]

ზემოთ ჩამოთვლილი შირქის სახეობიდან რომელიმეს შესრულება გულით მოხდება, ენით, თუ ქმედებით მნიშვნელობა არ აქვს. შირქის შემსრულებელი ქააფირია. ასევე, მნიშვნელობა არ აქვს უცოდინრობით შეასრულებს, თუ სხვა მიზეზის საფუძველზე. გამონაკლისია შარიათული იქრაჰი (ძალდატანება).


[1] იბნ თაიმიია, ალ-უბუდიიეთ: 44;

[2] წარღვნა.

[3] მუსლიმი, თირმიზი

[4] ძლევამოსილი.

[5] ყველაფრის სიბრძნით შემსრულებელი. მიუთითებს ჰუქმისა და სიბრძნის მფლობელზე, ალლაჰზე.

[6] აბდურრაჰმან ბინ ჰასენ, ფეთხუ’ლ-მეჯიდ: 72;

[7] იბნ ყაიიმ, ას-სალათ: 61;

[8] სანანი, თათჰიირუ’ლ-ითიყად: 50;

[9] იბნ აბი’ლ-იზზ, შერხუ’ლ-აყიდეთი’თ-თაჰავიია: 1/85;