01 May 2020

ნაწილი 3.0: ჰუჯჯათი (არგუმენტი), რომელიც პიროვნებას პასუხისმგებლობას აკისრებს

ერთ-ერთი გაფრთხილება მათი შეცდომის შესახებ, რომლებმაც ჯააჰილობა (უცოდინრობა) აბსოლუტურად საპატიო მიზეზად მიიჩნიეს

ჯააჰილობა (უცოდინრობა) საპატიო მიზეზია, რომელიც ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც სასჯელის დამაბრკოლებელია. თუმცა, ეს კონკრეტული სიტუაციებისთვისაა. შემდეგ ნაწილებში ამის შესახებ ვისაუბრებთ. ახლა კი, განსაკუთრებული მდგომარეობებიდან ზოგიერთებს გადმოგცემთ.
1.       ისლამში ახალად შესული, რომელსაც შესწავლისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდა. ამგვარი მდგომარეობის საპატიო მიზეზად აღიარების არგუმენტი, წინა თავებში გადმოცემული „ზათ-უ  ანვათის“ ჰადისია.
2.       ცოდნის შემცირებისა და დაკარგვის პერიოდი: პიროვნება მცირე, თუმცა ჭეშმარიტი ცოდნის საფუძველზე გადარჩება და პასუხი არ მოეთხოვება იმის შესახებ, რამაც მასთან ვერ მიაღწია. ამის არგუმენტი ზეიდ იბნ ამრ იბნ ნუფაილის, ალლაჰის შესაძლებლობაში (მკვდრეთით გაცოცხლებაში) ეჭვის შემტანი კაცის, ჰუზაიფა იბნუ’ლ-იემანისა და სილა იბნუ’ზ-ზუფარს შორის არსებული დიალოგის შესახებ გადმოცემული ჰადისებია. ბოლოს მოხსენებულ ჰადისს მეოთხე ნაწილში გადმოგცემთ.
ესენი ის მდგომარეობებია, რა დროსაც უცოდინრობა საპატიოა. მიუხედავად ამისა, ჩვენი დროის ხალხი ზემოთ ჩამოთვლილ გამონაკლისებს მიიჩნევს, როგორც საფუძველს (ასლს) და ყველა უცოდინარისთვის ამ სიტყვებს იყენებენ (ანუ განურჩევლად ყველა უცოდინარის მდგომარეობას საპატიოდ მიიჩნევენ). მათი ეს ნამოქმედარი არასწორია, რაზეც შემდეგ აბზაცებში ვისაუბრებთ. მათი ამგვარი არასწორი შეხედულების განსამარტად შემდეგი რამ საკმარისია:
ამგვარი სიტყვა (უცოდინრობა განურჩევლად ყველასთვის საპატიოა) ყველასთვის პასუხისმგებლობას აუქმებს. ვააჯიბის მიმტოვებელი, რომელიმე ჰარამის ჩამდენი ან დამნაშავე ადამიანი თავს ყოველთვის იმით გაიმართლებს, რომ ის უცოდინარია. წინა სწავლულთა მიხედვით, ეს ასე არ იყო. ისინი განსაკუთრებით განსჯის შესახებ არსებულ საკითხებში უცოდინრობის საპატიო მიზეზად მიჩნევაში ზღვარს არ გადადიოდნენ. ყადების (მოსამართლეების) მიერ გაცემულ ჰუქმებს ვინც კითხულობს და იკვლევს, მისთვის ეს კარგად გასაგებია.
უპირობოდ და განურჩევლად უცოდინრობის საპატიო მიზეზად მიჩნევა, ჯააჰილს (უცოდინარს) ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც ალიმზე (სწავლულზე) და მუჯთეჰიდზე ბედნიერს ხდის, რადგან ჯააჰილი პიროვნება თავისი უცოდინრობის გამო არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად არ დაისჯება. სწავლული კი, ამქვეყნად ისეთ ქმედებას თუ ჩაიდენს, რომელიც სასჯელს მოითხოვს, მაშინ დაისჯება და ასევე, საკუთარი ცოდვების გამო იმქვეყნადაც განიკითხება. ამგვარი შეხედულებისგან გამომდინარეობს ის, რომ ჯააჰილი პიროვნება ახირეთში (იმქვეყნად) ბედნიერი და გადარჩენილთა რიგებში იქნება. საბოლოოდ კი, გამოდის ისე, რომ ჯააჰილობა ცოდნაზე, ხოლო შუამავლების არ გამოგზავნა შუამავლების გამოგზავნაზე უფრო უკეთესი და სასარგებლოა.
ყოველივე ამის შედეგი მართლაც რომ დიდი უბედურებაა, რომელიც ეწინააღმდეგება უცვლელ ყაიდას, რაც შემდეგია: „ალიმი სწავლულზე, ცოდნა უცოდინრობაზე, შუამავლის გამოგზავნა შუამავლის არ გამოგზავნაზე უფრო სასარგებლოა.“ უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „21/107. და არ წარგვიგზავნიხარ შენ (1) (ჰეი, მუჰამმედ!), თუ არა მოწყალებად (2) (წყალობად) სამყაროთათვის (3) (ადამიანებისთვის და ჯინებისთვის)!“
ამ შედეგების არასწორობა საბაბების არასწორობაზეც მიუთითებს, რაც უცოდინრობის აბსოლუტურად (უპირობოდ) საპატიო მიზეზად მიჩნევაა.
მათ, რომლებმაც უცოდინრობა უპირობოდ და აბსოლუტურად საპატიო მიზეზად მიიჩნიეს, დალილები (არგუმენტები) ორ ფორმაში გამოიყენეს:
პირველი: არგუმენტები, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციაში ჯააჰილობის საპატიო მიზეზად მიჩნევას ეხება, გამოიყენეს, როგორც ზოგადად და აბსოლუტურად. ამის მაგალითი წინა ნაწილებში გადმოცემული ზათ’უ ანვათისა და იმ კაცის შესახებ ჰადისია, რომელმაც ალლაჰის ერთ-ერთ შესაძლებლობაში ეჭვი შეიტანა.
მეორე: არგუმენტებს, რომლებიც სინამდვილეში არ ეხებოდა უცოდინრობის საპატიო მდგომარეობას, მიანიჭეს ისეთი მნიშვნელობები, რომ შემდგომ გამოეყენებინათ, როგორც თავიანთი მოსაზრების არგუმენტად. ამასთან დაკავშირებით ყველაზე ცნობილი არგუმენტები შემდეგია:
ა) აიშას (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ჰადისი. ის ამბობს: „ადამიანებმა რაც არ უნდა დამალონ, ალლაჰმა იგი უწყის?’ ალლაჰის შუამავალმა უპასუხა: ‘დიახ.“
ამ დალილის გადმოცემის შემდეგ, მათ თქვეს: „აიშამ (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ალლაჰის ცოდნაში ეჭვი შეიტანა, თუმცა მასზე თაქფირი არ გაკეთებულა.“
საპასუხოდ ვიტყვით: ჰადისის ამ ფორმით გადმოცემა არასწორია. პასუხი „დიახ“ თვითონ აიშამ (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გასცა ანუ კითხვაც და პასუხიც აიშას (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ეკუთვნის. მუსლიმის „ქითაბუ’ლ-ჯენაიზ“ ნაწილის ბოლოს გადმოცემა შემდეგნაირია: „ადამიანებმა რაც არ უნდა დამალონ, ალლაჰმა იგი უწყის? დიახ.“
ნავავი ჰადისის განმარტებისას ამბობს: „უსულის წიგნებში ამ ფორმითაა გადმოცემული. მან იკითხა: ‘ადამიანმა რაც არ უნდა დამალოს, ალლაჰმა იგი უწყის?’ შემდეგ კი, საკუთარ შეკითხვას თვითონვე უპასუხა: ‘დიახ.’“[1]
ჰადისი მათ მიერ გადმოცემული ფორმით რომც ვაღიაროთ, მაშინ ეს მიუთითებს იმაზე, რომ აიშამ (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ალლაჰის ზოგიერთი სახელ-თვისება არ იცოდა. წინა აბზაცებში ამის შესახებ იბნი თაიმიიას სიტყვები გადმოვეცით, სადაც ნათქვამია, რომ პიროვნება ამით ქააფირი არ გახდება.[2]
ბ) მათ მოჰყავთ ჰადისი, რომლის მიხედვითაც, მუაზ ბინ ჯაბალი შუამავალის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) წინაშე სეჯდეს აღავლენს.[3] ჰადისი შემდეგნაირია: „მუაზის მიერ შუამავლისადმი სეჯდის შესრულების შემდეგ, შუამავალი მას ჰკითხავს: ‘რა არის ეს მუაზ?’ მუაზი უპასუხებს: ‘შამში წავედი და ვიხილე თუ როგორ ასრულებდნენ სეჯდეს პატრიარქისა და ბერების წინაშე. მეც ვისურვე, რომ ამგვარი რამ შენს წინაშე გამეკეთებინა.’ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უპასუხა: ‘ასე არ მოიქცეთ. ვინმესთვის ალლაჰის გარდა სხვაზე სეჯდის შესრულება რომ მებრძანებინა, ქალებს ვუბრძანებდი თავიანთი ქმრების მიმართ.’“
ასევე, ყაის ბინ სა’დმა შუამავლისადმი პატივისცემის ნიშნად სეჯდეს შესრულება ისურვა, თუმცა შუამავალმა მას აუკრძალა.[4]
მუაზის ჰადისში თუ დამტკიცდება, რომ მისი ნამოქმედარი ქუფრი იყო, მაშინ ეს სიტუაცია უცოდინრობის საპატიო მიზეზად გამოცხადების არგუმენტი იქნება. თუმცა, სინამდვილეში მისი მოქმედება ქუფრი არ იყო, რადგან მან მისალმების მიზნით შუამავლის წინაშე სეჯდე აღასრულა. თაქფირის წესების ახსნა-განმარტების დროს ვთქვით, რომ ზოგიერთი სიტყვა და საქმე სრულიად ნათელია, ზოგიერთი კი ვარაუდს და ალბათობას შეიცავს, რის გამოც საჭიროა მოქმედი პირის განზრახვა და აღიარება იმის, თუ რა მიზნით ასრულებს მოქმედებას. განზრახვისა და აღიარების შემდეგ თუ დადგინდა, რომ მან ქუფრის შესრულება განიზრახა, მაშინ მასზე შესაბამისი ჰუქმი გაიცემა. ამგვარ ქმედებებს შორის (ქმედებები, რომლებიც ალბათობას და ვარაუდს შეიცავს) ალლაჰის გარდა სხვაზე სეჯდის გაკეთებაცაა. ის შეიძლება ზოგჯერ ღვთისმსახურება იყოს, ზოგჯერ კი მისალმება ან პატივისცემა. ამგვარი ფორმით მისალმება წინა უმმეთისთვის ცნობილი ამელია (ქმედებაა). მსგავსად, შემდეგ აიათში გადმოცემულისა: „12/100. აიყვანა მან თავისი მშობლები ტახტზე და მათ აღასრულეს მისთვის სეჯდე...“  რადგან ქმედება ალბათობას შეიცავს, საჭიროა მოქმედი პირის განზრახვის გაგება. შავქანი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „რაც შეეხება სიტყვებს ‘ალლაჰის გარდა სხვაზე სეჯდის შესრულება’: საჭიროა გაირკვეს ის, რომ ალლაჰის გარდა სხვაზე სეჯდის შემსრულებელმა სეჯდე ვის მიმართაც აღასრულა, იმის რუბუბიეთს აღიარებდეს. თუ ამგვარი ფორმით აღასრულა სეჯდე, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ მან ალლაჰს თანაზიარი დაუდგინდ და მის გარდა სხვა ღვთაება დაიყენა. ხოლო, ამგვარი განზრახვა თუ არ აქვს და სეჯდეს პატივისცემის ნიშნად აღასრულებს, -   მსგავსად ხალხისა, რომლებიც მეფეებთან შესვლის დროს პატივისცემის ნიშნად ძირს ეამბორებიან - მაშინ ეს ქუფრი არ არის.“[5] მუაზის ჰადისის შესახებ სხვა გასაცემი პასუხებიც არსებობს, თუმცა საჭიროდ არ ვთვლით, რომ სიტყვა გავაგრძელოთ.
გ) „5/112. და როცა მოწაფეებმა ჰკითხეს მარიამის შვილ ღისას, ‘შეუძლია შენს ღმერთს, რომ გარდმოავლინოს ზეციდან ჩვენდა სუფრა?’ მიუგო: ‘გეშინოდეთ ალლაჰის, თუკი ხართ მორწმუნენი!’“
აიათის შესახებ თქვეს: „მოწაფეებმა ალლაჰის შესაძლებლობაში (რაც ზეციდან სუფრის მოვლენა იყო) ეჭვი შეიტანეს. ამგვარი ეჭვი კი ქუფრია. თუმცა იმის გამო, რომ მათ ამის შესახებ არ იცოდნენ, პასუხისმგებლობა არ დაეკისრათ ანუ მათი მდგომარეობა საპატიო იყო.
ამ განცხადებას პასუხი შემდეგნაირად გასცეს მათ, რომლებიც უცოდინრობას საპატიო მიზეზად არავითარ შემთხვევაში არ მიიჩნევენ: „ამ აიათის სხვა მნიშვნელობა ასეთია: ‘შენი ღმერთიდან ისურვებ?’ ანუ ‘ჩვენთვის სთხოვ შენ ღმერთს, რომ სუფრა მოგვივლინოს?’ პირველად ნაგულისხმევი მნიშვნელობით რომც იყოს, ეს შემდეგს ნიშნავს: ‘ღმერთი შენს თხოვნას შეასრულებს?’ აიათის ამგვარი მნიშვნელობა არაბული ენისთვის უფრო შესაბამისია.“
მათ შეკითხვაში ალლაჰის ძალაუფლებაში ეჭვის შეტანა რომც ვიგულისხმოთ, პასუხად იგივეს ვიტყვით, რაც ზათ’უ ანვათის ჰადისის შესახებ ითქვა: „ისინი რელიგიაში ჯერ კიდევ ახლები იყვნენ. ან როგორც იბნი თაიმიიასგან არის გადმოცემული, ალლაჰის სახელ-თვისებებიდან ზოგიერთის არ ცოდნა ქუფრი არ არის.“
აქამდე გადმოცემული ზოგიერთი არგუმენტი მიეკუთვნებოდა მათ, რომლებიც აცხადებენ, რომ უცოდინრობა აბსოლუტურად და განურჩევლად ყველასთვის საპატიო მიზეზია. თუმცა, როგორც ვნახეთ, მათ მიერ მოყვანილი არგუმენტები კონკრეტული სიტუაციებისთვისაა, რა დროსაც უცოდინრობა საპატიოა. მათ კი არგუმენტების განზოგადებით შეცდომა დაუშვეს. ასე, რომ მათი დალილები არგუმენტებად არ გამოდგება.
ბოლოს გადმოცემული სამი არგუმენტიდან გამომდინარე, ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გვსურს ყურადღების გამახვილება: „ახსნა-განმარტება არ გადავადდება მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არსებობს (ანუ თუ შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რა დროსაც ახსნა-განმარტება აუცილებელია, მაშინ ახსნა-განმარტების გადავადება არანაირად არ შეიძლება).“ რადგან ქუფრი არის ისეთი რამ, რაზეც გაჩუმება არ შეიძლება. ქუფრის შესრულებას ღვთიური ან შუამავლისებური ახსნა-განმარტებაც თან მოჰყვება. ღვთიური განმარტების მაგალითებად შეგვიძლია შემდეგი აიათები მოვიყვანოთ:
„9/66. ნუ ბოდიშობთ. თქვენ უკვე უარყავით რწმენის მიღების შემდეგ...“
„9/74... უეჭველად, წარმოთქვეს ურწმუნოების სიტყვა და შეიქმნენ ურწმუნონი მას მერე, რაც ისლამი მიიღეს...“
„18/37. უთხრა მას თავისმა მეგობარმა საუბრის დროს: „ნუთუ უარყე, რომელმაც გაგაჩინა შენ მიწისგან, შემდეგ წყლისგან და მერე ჩამოგაყალიბა შენ კაცად?“
შუამავლისებური ახნსა-განმარტების მაგალითად კი, ზათ’უ ანვათის ჰადისში მოხსნებული სიტყვები შეგვიძლია მოვიყვანოთ: „ისრაელთა შვილთა მიერ ნათქვამი სიტყვის მსგავსი სიტყვა თქვით: ‘მათი ღვთაების მსგავსი ღვთაება ჩვენც დაგვიდგინე.’“
ქუფრი რა დროსაც განხორციელებულა, ეგრევე მის შესახებ გაფრთხილებაც შესრულებულა. ‘ისას მოწაფეების შეკითხვისა და მუაზის სეჯდეს შესახებ კი ამგვარი რამ არ მომხდარა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქუფრს ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, მათ მიერ მოყვანილი არგუმენტები „უცოდინრობის საპატიო მიზეზად მიჩნევის საკითხის“ არგუმენტებად არ გამოდგება.
ამ სიტყვებით მეორე ნაწილს ვასრულებთ.



[1] სახიხუ მუსლიმ ბი შერხი’ნ-ნავავი, 7/44.
[2] მეჯმუუ’ლ-ფათავა, 7/538, 574, 152, 149.
[3] გადმოცემულია მუაზისგან. იბნი მაჯე ჰადისს ჰასენს (კარგს) უწოდებს: 1853.
[4] ჰადისს აბუ დავუდი გადმოსცემს. ჰადისის N: 2140.
[5] აშ-შავქანი, ას-საილუ’ლ-ჯერრაარ, 4/580.