15 May 2020

4.0: რისალეთ ჰუჯჯეთის შესრულების ფორმა

მესამე ნაწილი

რისალეთ ჰუჯჯეთის შესრულების ფორმა

ამ თემასთან დაკავშირებით სამი საკითხი არსებობს:
1)   რისალეთ ჰუჯჯეთის ნიშან-თვისება
2)   პიროვნების თვისებები, რომელიც რისალეთ ჰუჯჯეთს ასრულებს
3)   რისალეთ ჰუჯჯეთის შესრულების ფორმა

რისალეთ ჰუჯჯეთის ნიშან-თვისება

უზენაესი ალლაჰის მიერ ადამიანებზე დაკისრებული პასუხისმგებლობა - რასთანაც ჯილდო და სასჯელია დაკავშირებული - რისალეთ ჰუჯჯეთით სრულდება. რისალეთ ჰუჯჯეთი კი არის ცოდნა (ილმი), რომელსაც ალლაჰი შუამავლებს გადასცემს.
ჩვენი შუამავლის მიერ მოტანილი ილმი (ცოდნა) ყურანია, შემდეგ კი სუნნეთი, იჯმა[1] და სარწმუნო ყიასი (შედარება). თითოეული მათგანი შარიათული არგუმენტია.
ა) ყურანი:
ყურანში ნაბრძანებია: „6/19... შთამეგონა მე ეს ყურანი, რათა შეგაგონოთ ამით თქვენ და იგინიც, რომელთაც მისწვდება (1) (რათა შეგონებული იქნას ყველა ადამიანი და ასევე ჯინებიც).“
„9/6. და თუ რომელიმე წარმართი თავშესაფარს გთხოვს, შეიფარე იგი, რათა მოისმინოს ალლაჰის სიტყვა.“
„98/1. ღვთიური წიგნის მფლობელნი და წარმართნი, რომელთაც უარყვეს ჭეშმარიტება, სანამ არ მოუვათ ნათელი მტკიცება (ცხადი სასწაული), მანამ არ გაემიჯნებიან (ურჯულოებას).
2. ალლაჰის მხრიდან წარმოგზავნილი შუამავალი უკითხავს მათ სიცრუისგან განწმენდილ (ყოველგვარი ეჭვისგან შორს მყოფ) ფურცლებს...“
აიათები მოწმობს იმაზე, რომ ჰუჯჯეთი ყურანით სრულდება, რაზეც შუამავლის სიტყვებიც მიუთითებს: „ყურანი არგუმენტია შენს სასარგებლოდ ან შენს საწინააღმდეგოდ. ადამიანები ძალისხმევას იჩენენ, ზოგიერთები საკუთარ თავებს ჯოჯოხეთისგან ათავისუფლებენ, ზოგიერთები კი ინადგურებენ.“[2]
რწმენის ექვსი პირობა: ალლაჰის, ანგელოზების, წიგნების, შუამავლების, ახირეთის დღისა და ბედისწერის დაჯერება...
ისლამის ხუთი პირობა: ორი შეჰადეთი, ნამაზი, ზექათი, მარხვა და ჰაჯობა...
განსაზღვრული ჰარამები: მრუშობა (ზინა), ალკ. სასმელი, პროცენტი, ქურდობა, ტყუილი და სხვა მსგავსი ყოველივე საკითხი ყურანში აშკარად და გარკვევითაა გადმოცემული, რომელსაც ალიმიც (სწავლულიც) და ჯააჰილიც (უცოდინარიც) ძალიან მარტივად გაიგებს. ყოველივე ამის გამო, იბნი აბბასმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: „თაფსირის (ყურანის ახსნა-განმარტების) ოთხი ფორმა არსებობს: არაბისთვის ადვილად გასაგები განმარტება; თაფსირი, რომლის უცოდინრობაც არავისთვისაა საპატიო; სწავლულებისთვის გასაგები თაფსირი და განმარტება, რომელიც ალლაჰის გარდა არავინ იცის. ამ უკანასკნელის შესახებ ვინც სიტყვას იტყვის, მაშინ ის მატყუარაა.“[3]
უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „54/17. და ვფიცავ, ჩვენ გავაიოლეთ ყურანი შეგონებისთვის. მიუხედავად ამისა, განა არის ვინმე, ვინც შეიგონებს?“
„47/24. ნუთუ ისინი ყოველმხრივად არ გაიაზრებენ ყურანს? ან იქნებ გულთა ზედა აბია საკეტნი თვისი?“
შანქითი (რაჰიმაჰულლაჰ) ამ აიათის განმარტებაში ამბობს: „იცოდე, რომ ზოგიერთების სიტყვები ‘ყურანის შესახებ ფიქრი, მისი გაგება და მისით მოქმედება მხოლოდ და მხოლოდ მუჯთეჰიდებისთვისაა[4] (სწავლულისთვისაა) დაშვებული.’ არავითარ შარიათულ არგუმენტს არ ეყრდნობა. გამოგონილი პირობების საფუძველზე აცხადებენ რომ ჩვეულებრივ მოკვდავს ამის უფლება არ აქვს.
ჭეშმარიტება კი შემდეგია: ყურანის შესწავლა და გაგება, ყურანისა და სუნნეთის მოწოდებების შესწავლა და ცოდნის საფუძველზე მოქმედება ვააჯიბია. ყურანისა და სუნნეთის დავალებით შესასრულებელი ქმედების უცოდინრობით შესრულების მცდელობა იჯმათი აკრძალულია. თუმცა, პიროვნების მიერ ყურანიდან და სუნნეთიდან მოპოვებული სახიხი (სარწმუნო) ინფორმაციის - შეიძლება ეს რომელიმე აიათი ან ჰადისი იყოს - საფუძველზე მოქმედება საჭიროა.
როგორც ცნობილია, ზოგადად გაკიცხულია ის, ვინც ალლაჰის წიგნის შესახებ არ ფიქრობს და არ იაზრებს მას. აიათი მუნაფიყებისა და ქააფირების შესახებ მოევლინა. ყურანით მოქმედება, მისგან სარგებლის მიღება და მისით ჭეშმარიტ გზაზე დადგომა, მხოლოდ სწავლულებისთვის რომ ყოფილიყო, მაშინ ალლაჰი ქააფირებს არ დაემუქრებოდა და არ გაკიცხავდა იმის გამო, რომ მათ ყურანის საშუალებით ჭეშმარიტი გზა ვერ იპოვეს.
ისლამის მეთოდოლოგიაში (უსულ) არსებულ ერთ-ერთი წესის მიხედვით, აიათი მოვლენის მიზეზი (მდგომარეობა), უეჭველად აიათის მნიშვნელობაში შედის. აქედან გამომდინარე, აიათის შემცველობაში ქააფირებისა და მუნაფიყების არსებობა უდავოა. სწავლულების გარდა სხვას ყურანის გაგება/გააზრება რომ არ შეძლებოდათ, მაშინ ალლაჰი ქააფირებს იმის გამო არ გაკიცხავდა, რომ ყურანის შესახებ არ დაფიქრდნენ და მისით არ იმოქმედეს.
როგორც გაიგეთ, ჭეშმარიტება მათი შეხედულების[5] საპირისპიროა. იჯთიჰადის[6] პირობები მაშინ არის აუცილებელი, როდესაც ამის საჭიროება და საფუძველი არსებობს. ყურანიდან და სუნნეთიდან სახიხი არგუმენტების მიხედვით იჯთიჰადი (არსებული არგუმენტების საფუძველზე ჰუქმის გაცემა) ყველასთვის არ არის ნებადართული. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ მიყოლა და დამორჩილებაა საჭირო. ყურანსა და სუნნეთში არსებული აშკარა რაღაცეების შესრულების აკრძალვა იმ მიზეზით, რომ ადამიანი აბსოლუტურ იჯთიჰადის დონეს სანამ არ მიაღწევს მას ამის უფლება არ აქვს, მცდელობაა იმისა, რომ მუსლიმანს ყურანით სარგებლობა აკრძალული აქვს მანამ, სანამ გარკვეულ დონეს არ მიაღწევს. ამგვარ შეხედულებას კი ალლაჰის წიგნში და შუამავლის სუნნეთში არანაირი დასაყრდენი არ აქვს.“[7]



[1] სწავლულების ერთხმიანი აზრი.
[2] მუსლიმ, გადმოგვცემს აბუ მალიქ ალ-აშ’არი.
[3] გადმოგვცემს იბნ ჯარირი. იბნ თაიმიია, მეჯმუუ ფათავა, 13/375 და 384.
[4] რელიგიური პირი, რომელიც საკითხის ირგვლივ არსებულ ყველა არგუმენტს იკვლევს, რის შემდეგაც ჰუქმს გამოსცემს.
[5] შეხედულება, რომლის მიხედვით, ყურანის გაგება/გააზრება მხოლოდ სწავლულებს შეუძლიათ.
[6] არსებული არგუმენტების საფუძველზე ჰუქმის გაცემა.
[7] შანქითი, ედვაუ’ლ-ბეიან, 7/430-434.