04 April 2019

9. სურა თავბა აიათი 36: ჰარამი თვეები


ჰარამი თვეები

9/36. უეჭველად, თორმეტი თვეა თვეთა რიცხვი ალლაჰის წინაშე, ალლაჰის წიგნში (ლევჰი მაჰფუზში), ცათა და დედამიწის გაჩენის დღიდან. მათგან ოთხი თვე ნაკრძალია (ზულყაღდე, ზილჰიჯჯე, მუჰარრემი და რეჯები). სწორედ ესაა ჭეშმარიტი ანგარიშსწორება. მაშ, ამ თვეებში (ალლაჰის კანონების დარღვევით) ნუ მოექცევით უსამართლოდ საკუთარ სულს და ებრძოლეთ წარმართებს ერთიანად (ტოტალურად), როგორც თქვენ გებრძვიან ერთიანად და იცოდეთ, უეჭველად! ალლაჰი ღვთისმოშიშებთანაა!

განმარტება:

იმამ აჰმედ ბინ ჰანბელი, ... მუჰამმედ ბინ სირინისგან, ეს კი, აბუ ბაქრისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „დრო (თვისა და დღეების ანგარიში) იმ მდგომარეობას დაუბრუნდა, რაც ალლაჰის მიერ ცისა და მიწის შექმნის დღეს იყო. ერთი წელი თორმეტი თვეა. მათგან ოთხი კი, ჰარამი თვეებია. სამი ერთმანეთის მიყოლებითაა (ზილყაღდე, ზილჰიჯჯე, მუჰარრემ), მეოთხე კი, ‘ჯუმადიეე’-სა და ‘შაბანის’ შორის არსებული ‘მუდარების’ რეჯების მთვარეა. ეს თვე რომელი თვეა?“ ჩვენ ვთქვით: „ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უკეთ იციან.“ შუამავალი იმდენხანს გაჩუმდა, რომ გვეგონა სხვა სახელს იტყოდა. შემდეგ კი, იკითხა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ): „ეს თვე ზილჰიჯჯე თვე არ არის?“ ჩვენ ვთქვით: „ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უკეთ იციან.“ იმდენხანს გაჩუმდა, რომ გვეგონა სხვა სახელს იტყოდა. ისევ იკითხა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ): „ამ სახელით ცნობილი ქალაქი ის არ არის?“ ჩვენც დავეთანხმეთ. ისევ იკითხა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ): „კარგი, დღეს რომელი დღეა?“ ჩვენც ვუთხარით, რომ ალლაჰმა და მისმა შუამავლმა უკეთ იციან. შუამავალი იმდენხანს გაჩუმდა, რომ გვეგონა მას სხვა სახელით მოიხსენიებდა. შემდეგ იკითხა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ): „დღეს ‘ნაჰრ’-ი (ყურბნის) დღე არ არის?“ ჩვენც დავეთანხმეთ. ამის შემდეგ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „უეჭველად! ისევე, როგორც ეს ქალაქი, თვე და დღე, ასევე, თქვენთვის ერთმანეთის სისხლი და ქონებაც[1] ჰარამია. ახლო ხანებში თქვენი ბატონის წინაშე წარსდგებით და თქვენი ქმედებების გამო პასუხს აგებთ. ფრთხილად იყავით! ჩემს შემდეგ ისეთ პიროვნებებად არ გადაიქცეთ, რომლებიც ერთმანეთს თავებს აჭრიან. ფრთხილად იყავით! აქ მყოფმა ჩემი სიტყვები აქ არ მყოფს გადასცეს. შესაძლებელია, რომ აქ არ მყოფმა ჩემი ნათქვამი სიტყვები თქვენზე უკეთ გაიგოს და გაითვალისწინოს.“[2]
ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ქალაქ მექქას შეუხებლობის შესახებ ბრძანებს: „ალლაჰმა ეს ქალაქი (მექქა) ცისა და მიწის შექმნის დღეს ჰარამად გამოაცხადა. აქედან გამომდინარე, მისი ჰარამობა ყიამეთამდე გაგრძელდება.“ ასევე, აქვე ბრძანა: „დრო (თვისა და დღეების ანგარიში) იმ მდგომარეობას დაუბრუნდა, რაც ალლაჰის მიერ ცისა და მიწის შექმნის დღეს იყო.“[3] ანუ, ალლაჰმა ცისა და მიწის გაჩენისას დრო როგორც შექმნა, დღესაც იგივეა მის წიგნში არსებული შარიათული მდგომარეობაც.

მათგან ოთხი თვე ნაკრძალია“ - უვიცობის ხანაში ამ თვეებს არაბების უმრავლესობაც ჰარამად აღიარებდა. მათგან ერთ-ერთი ჯგუფი, რომლის სახელია „ბასლ“-ი, ზღვარს გადავიდა და ჰარამი თვეები რვა გახადა.

ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სიტყვების „მათგან სამი ერთმანეთის მიყოლებითაა (ზილყაღდე, ზილჰიჯჯე, მუჰარრემ), მეოთხე კი, ჯუმადიეე-სა და შაბანის შორის არსებული ‘მუდარების’ რეჯების მთვარეა.“ შინაარში შემდეგია: შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) „მუდარების რეჯების მთვარეს ხაზი გაავლო, რადგან ეს მთვარე, „რაბია“-ს ტომი როგორც ფიქრობდა: შაბანისა და შავვალის შორის არსებული რამაზნის მთვარე კი არა, ჯუმაადაასა და შაბანის შორის არსებული რეჯების მთვარე იყო. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მსგავსი ხაზგასმით გვაცნობა, რომ ეს მთვარე რაბიას ტომის რეჯების კი არა, არამედ ‘მუდარის’ ტომის რეჯების მთვარეა.

მათგან სამი ერთმანეთის მიყოლებითაა, მეოთხე კი, ცალკე, რაც ჰაჯობისა და უმრის შესრულებისთვისაა. ჰაჯობის მთვარის წინა მთვარე (ზილყაღდე) ჰარამი იყო, რის გამოც ადამიანები ამ თვეში არ ომობდნენ. ზილჰიჯჯე მთვარის ჰარამობის მიზეზი ის არის, რომ ამ თვეში ხალხი ჰაჯობის შესრულებით არიან დაკავებულნი. ჰაჯობის დასრულების შემდეგ, შორს მცხოვრები ადამიანი სახლში უსაფრთხოდ, რომ დაბრუნებულიყო, მომდევნო თვეც (მუჰარრემ) ჰარამად დაწესდა. რეჯების მთვარის ჰარამობის მიზეზი კი, ის არის, რომ არაბეთის ნახევარკუნძულის შორი ადგილებიდან ქააბეს მოსანახულებლად მოსული ხალხი, მონახულების შემდეგ, საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებულიყვნენ.

სწორედ ესაა ჭეშმარიტი ანგარიშსწორება“ ­- ანუ სწორი ჰუქმი (განჩინება) ეს არის.

მაშ, ამ თვეებში[4] ნუ მოექცევით უსამართლოდ საკუთარ სულს- რადგან ამ თვეებში შესრულებული ცოდვა, სხვა დროს ჩადენილ ცოდვაზე უფრო დიდი და მძიმეა. ისევე, როგორც მექქაში ჩადენილი ცოდვები, ასევე ჰარამ თვეებშიც შესრულებული ცოდვაც დიდი და მძიმეა: „22/25.. აგრეთვე მათ, ვინც უსამართლოდ შებღალავს იქაურობას, ვაგემებთ მწარე სასჯელს!“ ამის გამო, იმამ შააფისა და ზოგიერთი სწავლულის მიხედვით, ჰარამ თვეებში ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდი უფრო მძიმეა. ასევე, ჰარემში მყოფი ან იჰრამით (მექაში მიმავალი მომლოცველის სამოსი) შემოსილი ადამიანის მოკვლის სასჯელიც უფრო დიდი და მძიმეა.

ამ აიათის სიტყვების შესახებ ყათადე ამბობს: „ჰარამ თვეებში შესრულებული ცოდვები, სხვა დროს შესრულებულ ცოდვებზე მძიმე და დიდია. ალლაჰმა მსახურთაგან გამორჩეულები, ანგელოზებიდან ელჩი ანგელოზები და ადამიანებიდან შუამავლები, სიტყვებიდან ყურანი, დედამიწიდან მესჯიდები, თვეებიდან რაზანი და ჰარამი თვეები, დღეებიდან ჯუმა დღე და ღამეებიდან კი, ყადირის ღამე გამოარჩია. ასე, რომ ძვირფასად მიიღეთ ის, რაც ალლაჰისთვის ძვირფასია...

ებრძოლეთ წარმართებს ერთიანად (ტოტალურად), როგორც თქვენ გებრძვიან ერთიანად- როგორც ისინი ერთიანად გებრძვიან, ასევე თქვენც ერთიანად შეებრძოლეთ და იცოდეთ, უეჭველად, ალლაჰი ღვთისმოშიშებთანაა!

ჰარამ თვეებში ბრძოლის დაწყებასთან დაკავშირებით სწავლულებს შორის სხვადასხვა აზრი არსებობს. მათგან ყველაზე ცნობილი შეხედულების მიხედვით, ჰარამ თვეებში ბრძოლის დაწყება დაშვებულია, რადგან ალლაჰმა აიათთან (მაშ, ამ თვეებში ნუ მოექცევით უსამართლოდ საკუთარ სულს) ერთად მუშრიქების წინააღმდეგ ბრძოლაც ბრძანა. სიტყვების მიმდევრობა გვიჩვენებს იმას, რომ აიათში მოცემული ალლაჰის ბრძანება ზოგადია. ბრძოლა აკრძალული მხოლოდ ჰარამ თვეებში რომ ყოფილიყო, მაშინ ბრძოლა ამ თვეების გასვლის შემდეგ უნდა ყოფილიყო ნაბრძანები. აგრეთვე ვიცით, რომ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ‘ტაიფის’ ხალხს ერთ-ერთ ჰარამ „ზილყა’დე“ თვეს ალყა შემოარტყა.

ბუჰარისა და მუსლიმის გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) „ჰავაზ“-ის ტომის წინააღმდეგ საბრძოლველად შევვალის თვეში გზას გაუდგა. გამარჯვებისა და ნადავლის მოპოვების შემდეგ ტაიფეში თავშეფარებულებს ორმოცი დღის განმავლობაში ალყა შემოარტყა. შემდეგ კი, აუღებლად უკან დაბრუნდა.“[5] ამგვარად, შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ტაიფეს ჰარამ თვეში ალყა შემოარტყა.





[1] მუჰამმედი ამბობს: „თუ არ ვცდები ‘ნამუსი’-ც თქვა.
[2] ბუჰარი, 1741, 4406; მუსლიმ, 1679; აბუ დავუდ, 1948; იბნ მაჯე, 233; აჰმედ ბინ ჰანბელ, 5/37-39; იბნ ჰიბბან, 3848.
[3] თაფსირი ბაყარა სურას 126-ე აიათშია მოცემული.
[4] იბნი აბბასის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემის მიხედვით, ამ სიტყვებში „ყველა (ანუ ოთხივე) მთვარე“ იგულისხმება.
[5] მუსლიმ, 1059, ჰადისის №: 136; გადმოგვცემს ანას ბინ მალიქისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ)